პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და მის პარალიზებას ვერ დავუშვებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ოპოზიციას აქვს თავისი გეგმები და ამოცანები – ხშირ შემთხვევაში, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. მისი თქმით, ხელისუფლებას თავისი ვალდებულებები აქვს. ამის შესახებ დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა. ქვარაია აცხადებს, რომ გვიან ღამით, აქციის მონაწილეების დაშლისას პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე. ამიტომ, პარლამენტი აგრძელებს მუშაობას. ჩვენ ვალდებულებებს შევასრულებთ, რაც გვეკისრება. პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, სამართალდამცავები გააკეთებენ იმას, რაც ევალებათ. პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და არ დავუშვებთ მის პარალიზებას. ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკაზე, ხვალინდელ დღეზე ვალდებულება გვაქვს ყველას – ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციას. არასწორია შეხედულება, თითქოს პროპორციული არჩევნები დემოკრატიულია და შერეული – არა. ქვეყანა არჩევნებს შერეული სისტემით ატარებდა და ამ სისტემას ხელისუფლების ცვლილებაც მოჰყოლია. არჩევნები გამჭვირვალე, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ. შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, გვიან ღამით პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი. „აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.
26.11.2019

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.7946
Down 0.0133
RUB
100
RUB
4.2607
Down 0.0380
EUR
1
EUR
3.0291
Down 0.0079
TRY
1
TRY
0.4542
Down 0.0025
განახლების დრო 26-02-2020