პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მოუსმინეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ და მინისტრს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შესრულებასა და განათლების ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე კითხვებით მიმართა. „ჩვენ პოლიტიკურ გუნდს არასოდეს გვეუფლება თვითკმაყოფილება და არც არის საჭირო, მიუხედავად ამისა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ძალიან პოზიტიური და დადებითია თქვენი სამინისტროს მუშაობა და დადებით შეფასებას იმსახურებს ის ციფრები, მონაცემები და შედეგები, რომლებსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. დარწმუნებული ვარ სამინისტრო სწორედ ამ ტემპით და დინამიკით გააგრძელებს შემდგომშიც თავის საქმიანობას“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ. „7500 ინფრასტრუქტურული პროექტი, 40 ათასამდე დასაქმებული ადამიანი, 804 კილომეტრი რეაბილიტირებული და შეკეთებული, 142 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობა, 41 ახალი სასწრაფო დახმარების ცენტრი, 71 ახალი ან რეაბილიტირებული ამბულატორია, 59 ახალი სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და მცირე სარემონტო სამუშაოები 642 სკოლაში, გაუმჯობესებული წყალმომარაგება 250 ათასი ადამიანისთვის - ეს არის მხოლოდ რამდენიმე მონაცემი იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩვენ 2019 წლის განმავლობაში ვახორციელებდით და რომლებიც მიმდინარეობს 2020 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მისი თქმით, 2019 წელი როგორც პროექტების რაოდენობით, ასევე ინვესტიციების მოცულობის გამორჩეული წელი იყო. სამინისტროს ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამინისტრომ 2 მლრდ 523 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები დააფინანსა. მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. 25 კმ-ზე უკვე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, დანარჩენ ორ მონაკვეთზე კონტრაქტორები ემზადებიან სამუშაოების დასაწყებად, მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 142 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს აქტიური მშენებლობა, საიდანაც 70 კმ-ის დასრულება იგეგმება 2020 წელს. კერძოდ, წელს დასრულდება ხაშურის შემოვლითი 13 კმ გზა, ქუთაისის შემოვლითი გზის ორი ზოლი და სამტრედია-გრიგოლეთის 14 კმ მონაკვეთი. მშენებლობაზე დასაქმებულთა 80% საქართველოს მოქალაქეა. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა სხვა მნიშვნელოვან საგზაო პროექტებზეც. მან აღნიშნა, რომ აქტიური სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლით გზებზე, ხოლო ბათუმი-სარფის მონაკვეთი პროექტირების ეტაპზეა. მინისტრი შეეხო ქვეშეთი-კობის პროექტსაც, რომლითაც გათვალისწინებული 9 კმ-იანი გვირაბის და 12 კმ გზის მშენებლობა. მისი თქმით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ამ პროექტზე 2 500 ადამიანი დასაქმდება. მან გამოსვლაში ყურადღება დაუთმო საავტომობილო გზების შეკეთება-რეაბილიტაციის საკითხს. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებში დასაქმებული იყო 10 ათასამდე მოქალაქე, საიდანაც 90% იყო ჩვენი თანამოქალაქე, იმ რეგიონების მაცხოვრებლები, სადაც ხორციელდებოდა ეს სამუშაოები. მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 804 კმ გზის რეაბილიტაციის სამუშაო დაასრულა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა ზემო იმერეთი-რაჭის, ბაღდათი-აბასთუმნის, ლენტეხი-მესტიისა და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის მონაკვეთებზე. „გზის ინფრასტრუქტურის ტენდერებში 55-მდე ახალი კომპანია მონაწილეობდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიების ბრუნვაც. მაგალითად, 7-მა კომპანიამ 20 მილიონიან ბრუნვას გადააჭარბა, ხოლო ერთი ხელშეკრულების ფარგლებში 20 მლნ ლარზე მეტი 11-მა კომპანიამ მიიღო. ძალიან სასიხარულოა, რომ სულ უფრო მეტი ქართული კომპანია ახალ სიმძლავრეებზე გადის. მთლიანობაში, გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სამუშაოებში დასაქმებული იყო 10 ათასი ადამიანი, საიდანაც 90% ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერმა მუნიციპალური გზების რეაბილიტაციის პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, საიდანაც ნაწილობრივ დასრულდა და 2020 წლის განმავლობაში დასრულდება ქუთაისის, ზუგდიდის, ზესტაფონის, ფოთის და სხვა ქალაქების ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება. მან ისაუბრა წყალმომარაგების სექტორზეც, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. „ბოლო წლებში წყლის სექტორის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გამოწვევა გვაქვს. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ძალიან ბევრ დასახლებაში პრობლემად რჩება 24-საათიანი წყალმომარაგება. სამწუხაროდ, სასმელი წყლის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად ბევრი მუნიციპალური ქსელი საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. ბევრია გასაკეთებელი წყლის ეფექტიანი სისტემების დასანერგად, რაზეც ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მინისტრის ინფორმაციით, 2019 წელს მხოლოდ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება შეადგენდა 276 მლნ ლარს, რაც 60%-ით მეტი იყო წინა წელთან შედარებით. დასრულებული პროექტების შედეგად 800 ათასზე მეტ ადამიანს უკვე აქვს წვდომა 24-საათიან წყალმომარაგებაზე, ხოლო 2020 წელს დაგეგმილია წყლის 19 ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება, შედეგად კიდევ 245 ათას ადამიანს ექნება წვდომა გაუმჯობესებულ წყალმომარაგებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წელს გამყოფი ხაზის მიმდებარედ 26 სოფელში მიიღებენ ასევე გამართულ წყალმომარაგებას. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წელს მუნიციპალიტეტებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 402 მლნ ლარი დაუფინანსდა. მინისტრმა ყურადღება მთის მოსახლეობის მხარდასაჭერად განხორციელებულ ღონისძიებებსაც დაუთმო და განაცხადა, რომ მთის კანონის ამოქმედებიდან სახელმწიფომ 310 მლნ ლარი მიმართა მთის მოსახლეობის მხარდასაჭერად. „წელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დამატებით 6 დასახლებას მიენიჭა და შედეგად, მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათები უკვე 1737 დასახლებაზე ვრცელდება. ამ დასახლებებში 248 450 ადამიანი სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათებით. კანონის ამოქმედებიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფომ 310 მლნ ლარი მიმართა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა მან. მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე 19 დასახლებას მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. „თქვენი მოწონების შემთხვევაში, იმ 4 მუნიციპალიტეტში, სადაც დასახლებათა 80% არის მაღალმთიანი, დარჩენილ 39 დასახლებასაც მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტატუსის მოსაპოვებლად 9-დან 6 თვემდე შემცირდება 2000 მეტრზე ზემოთ მდებარე დასახლების მუდმივი ცხოვრების ვადა. ამ ცვლილებების შედეგად დაახლოებით 25 ათასი ადამიანი 58 დასახლებაში ისარგებლებს კანონით დადგენილი შეღავათებით“, - მიმართა პარლამენტს მაია ცქიტიშვილმა. მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ 2019 წელს მთაში მცხოვრები 207 ოჯახისთვის შეძენილია მზის პანელები მათი ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით. ასევე, დაფინანსდა ინტერნეტის გაყვანა ფშავ-ხევსურეთში და გუდამაყრის ხეობაში. მაია ცქიტიშვილმა სხვა მიმართულებებთან ერთად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით დაფინანსებული სამუშაოების თაობაზეც მიაწოდა პარლამენტს ინფორმაცია. „გასულ წელს, ფონდის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 310 მლნ ლარით დაფინანსდა 1239 პროექტი. ახალი პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, 41 სასწრაფო დახმარების ცენტრი და 104 ამბულატორია აშენდა, ასევე დასრულდა 272 ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია. ამ ინფრასტრუქტურის აღჭურვას წელს ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად უზრუნველყოფს და ჩვენი მოქალაქეები სათანადო მომსახურების მიღებას შეძლებენ. ცალკე მინდა აღვნიშნო სტიქიის პრევენციის ღონისძიებების კუთხით განხორციელებული 148 პროექტი, რაც მომავალში რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს,“ - აღნიშნა მან. მინისტრმა ისაუბრა ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც გასულ წელს 40 მლნ ლარით 4812 პროექტი დაფინანსდა. მისი თქმით, ეს პროგრამა წელსაც გრძელდება და ამასთან დაკავშირებით 2500-ზე მეტი შეხვედრა უკვე გაიმართა, ახლა სამინისტროში მუნიციპალიტეტებიდან კონკრეტულ განაცხადებს ელოდებიან სხვადასხვა პროფილის პროექტების დასაფინანსებლად. ვიცე-პრემიერმა ისაუბრა ასევე სამინისტროსთვის შედარებით ახალ მიმართულებაზე - იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით 2019-2021 წლებში 152.3 მილიონი ლარის ღირებულების საცხოვრებელი კორპუსები შენდება 2440 დევნილი ოჯახისთვის. „უკვე დასრულებულია ბინები 620 ოჯახისთვის მცხეთაში, ზუგდიდსა და წყალტუბოში. წლის ბოლომდე დასრულდება დამატებით 3 კორპუსის მშენებლობა ქუთაისში 480 ოჯახისთვის. ასევე, მიმდინარეობს და 2021 წლისთვის დასრულდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 1340 ოჯახისთვის ქუთაისში, ზუგდიდსა და წყალტუბოში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. სამინისტროს სხვა მიმართულებებთან ერთად, მინისტრმა განათლების ინფრასტრუქტურის პროექტების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „გასულ წელს 260 მლნ ლარით დაფინანსდა ეს მიმართულება. დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, 20 სკოლაში მიმდინარეობს ენერგო-ეფექტურობის კომპონენტის გაძლიერებაც. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ, 642 სკოლაში ჩატარდა 40 მლნ ლარის მცირე სარემონტო სამუშაოები და ამ კუთხით წელსაც იდენტური ბიუჯეტია გამოყოფილი,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. თავის გამოსვლაში მინისტრი საბავშვო ბაღების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, გასულ წელს დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების მცირე ზომის 32 ბაღის მშენებლობა და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტიპიური პროექტების შემუშავება საშუალო და დიდი ზომის 24 ბაღისთვის. ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მლნ ლარია. მისივე თქმით, 2019 წელს ასევე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება დაიწყო სპორტული მიმართულებით, რაც დაახლოებით 45 მლნ ლარის პროექტებს ეხება. მან ყურადღება დაუთმო ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოებსაც, მათ შორის, ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით. მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ბევრი ნაბიჯი გადადგა თვითმმართველობების გაძლიერების გზაზე და ეს პოლიტიკა თანმიმდევრულია, ვინაიდან რეგიონების განვითარება შეუძლებელია ძლიერი მმართველობითი სისტემის განვითარების გარეშე. „გასულ წელს დამტკიცდა 2020-2025 წწ დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2-წლიანი სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტების შემუშავების პარალელურად მომზადდა ე.წ. ჰარმონიზაციის პაკეტი, რომელიც გულისხმობს 172 კანონში ცვლილებებს, რათა ყველა სიახლე შესაბამისობაში მოვიდეს თვითმმართველობის კოდექსის დებულებებთან. გასულ წელსვე დაიწყო მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირების გზით სკოლების რეაბილიტაციის და ბავშვთა ტრანსპორტირების უფლებამოსილების გადაცემა. რაც შეეხება ფისკალურ დეცენტრალიზაციას, კანონმდებლობით განისაზღვრება, რომ 2025 წლის ბოლოს თვითმმართველობების საერთო შემოსულობების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 7% იქნება,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ვიცე-პრემიერის თქმით, გასული წლიდან დაიწყო დამატებითი ღირებულების გადასახადის 19 პროცენტის განაწილება მუნიციპალიტეტებზე და შედეგად, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი ფინანსური რესურსი მიიმართა ადგილებზე. მნიშვნელოვანია, რომ წინა წელს 51 მუნიციპალიტეტს 25%-იანი ზრდა ჰქონდა და წინასწარი გათვლებით, მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების სახით, წელს კიდევ უფრო მეტი თანხები გახდება ხელმისაწვდომი. „დეცენტრალიზაციის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი კომპონენტია ტრენინგები თვითმმართველობებში. საჭიროებათა კვლევის საფუძველზე, ყველა სფეროში, 2019 წელს კვალიფიკაცია აიმაღლა 5269 ადგილობრივმა მოხელემ. მათი გადამზადების პროცესი წელსაც გაგრძელდება. ამასთან, 21 მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია სამუშაო მუნიციპალური სერვისების დანერგვასთან დაკავშირებით, სადაც ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლებელი იქნება თბილისში არსებული ყველა სერვისის დანერგვა და მიწოდება. სრულად ეს პროცესი 2022 წლისთვის დასრულება,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

06.03.2020

შემოგვიერთდით ფეისბუქზე

ქ. ზუგდიდი, მ. კოსტავას #58

ვალუტის კურსი

USD
1
USD
2.9841
Down 0.0575
RUB
100
RUB
4.3130
Down 0.1160
EUR
1
EUR
3.3422
Down 0.0665
TRY
1
TRY
0.4413
Down 0.0087
განახლების დრო 05-06-2020